Thursday 14 January 2016

რასიზმი საქართველოში.

რასიზმი - ანტიმეცნიერული თეორია და რეაქციული პოლიტიკაა,  კანის ფერის ,რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ადამიანების ჩაგვრა, დამცირება,დისკრიმინაცია, მათზე ძალადობა.  რასიზმი ცდილობს დაამტკიცოს - თითქოს არსებობდეს ადამიანთა "მაღალი" და "დაბალი", "სრულფასოვანი" და "არასრულფასოვანი" რასები.



რასიზმის პრობლემა საქართველოში

 ბოლო პერიოდში საქართველოში ზანგებისა და ჩინელების მომრავლებამ რასიზმის პრობლემა აქტუალური გახდა.


დავით აღმაშენებლის მსგავსად, დღეს, ჩვენ უნდა განვუცხადოთ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ოსს, აფხაზს, სომეხს, აზერბაიჯანელს, რუსს, ებრაელს, ბერძენს, უკრაინელს, ასირიელს, ქურთს... ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე დაიბადა და ცხოვრობს, რომ საქართველო ჩვენი საერთო სახლია, მრავალფეროვნება კი ის უნივერსალური ღირებულებაა, რომელიც ყველა ჩვენგანს საერთო გვაქვს.





ალკოჰოლიზმის მომაკვდინებელი ხიბლი

  • სტატისტიკა
  • ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კავშირი ალკოჰოლისაგან მომდინარე ფატალურ შედეგებთან
  • ალკოჰოლის დადებითი მხარე
  • ალკოჰოლზე დამოკიდებულება
  • ალკოჰოლის მიერ გამოწვეული ფატალური შედეგები
  • მკურნალობის მეთოდები
ქვეყნის ეკონომიკის კავშირი ალკოჰოლისაგან მომდინარე ფატალურ შედეგებთან

რაც უფრო დაბალია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მით უფრო მაღალია ალკოჰოლისგან მომდინარე ფატალური შედეგები. მაგალითად, თუ რუსეთში ყოველი მე-5 კაცი და ქალების 6% სწორედ ალკოჰოლს ეწირება, მსგავსი მაჩვენებელი უკიდეურესად დაბალია საფრანგეთში, სადაც იგივე ოდენობის ალკოჰოლს მოიხმარენ



ალკოჰოლის დადებითი მხარე

  • სპირტიანი სასმელის მცირე დოზის მიღება ჯანმრთელი ორგანისმისთვის მავნე არ არის
  • ზრდის ე.წ. კარგ ქოლესტერინს
  • ამცირებს გულის დაავადებათა და გულის შეტევით გარდაცვალების რისკს 25%-ით
  • წითელი ღვინო ანადგურებს პოლიომიელიტის ვირუსს, ასევე მოქმედებს ჰერპეს ვირუსზე
  • ღვინის ზომიერი მიღება ამცირებს კიბოს და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს


ალკოჰოლზე დამოკიდებულება
ამ დროს ადამიანი სასმელს უკონტროლოდ და გაუაზრებლად იღებს. დაავადებული ცხადად ხედავს თანმდევ ფინანსურ და ჯანმრთელობის პრობლემებს, მაგრამ მას თავს მაინც ვერ ანებებს. ყოველ ჯერზე უფრო მეტი ალკოჰოლი სჭირდება თრობის მისაღწევად, სიფხიზლეში კი თავს არაკომფორტულად გრძნობს



Friday 8 January 2016

ფრანგული ბულდოგი

ფრანგული ბულდოგი



ფრანგული ბულდოგი
ძაღლის ჯიში:                                     ფრანგული ბულდოგი
სხვა სახელი:                               Bouledogue  Français
მეტსახელი:                                            ფრენჩი
წარმომავლობა:                                 ინგლისი
ფერი:                                            შავი, ვეფხვისებრი, ყავისფერი, კრემისფერი, თეთრი
სიმაღლე:                                                  30 სმ
წონა:                                             9 – 13 კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა:      8 – 10 წელი

წარმოშობის ისტორია:
თანამედროვე ფრანგული ბულდოგის წარმომავლობა სათავეს იღებს ძველბერძნული ტომის – მოლოსელთა ძაღლისაგან. ეს ძაღლები დანარჩენ ძველ სამყაროში გაავრცელეს ფინიკიელმა ვაჭრებმა. ბრიტანული მოლოსური ძაღლები გარდაიქმნა მასტიფად. მასტიფის ქვე-ოჯახი კი იყო ე.წ. ”ხარის დამკბენი” – ძაღლი, რომელიც გამოიყენებოდა ხარებთან შეჯიბრის დროს.
სისხლიანი სპორტის სახეობები, როგორიც იყო ხარებთან შეჯიბრებები, აკრძალულ იქნა ინგლისში 1835 წელს და ეს ”ბულდოგები” საქმის გარეშე დარჩნენ. თუმცა, მათი გამოყვანა მოხდა არასპორტული მიზნებისათვის 1800 წლის შემდეგ, ასე, რომ მათი დანიშნულება შეიცვალა სპორტული ჯიშიდან კომპანიონ ძაღლამდე. ძაღლის ზომის შესამცირებლად მოხდა ზოგიერთი ბულდოგის შეჯვარება ტერიერებთან, სხვებისა კი – მოპსებთან. 1850 წლისათვის ”თოი” ბულდოგები უკვე ჩვეულ მოვლენას წარმოადგენდა ინგლისში და ისინი ჩნდებოდნენ ე.წ. ”ბრიდ” (ჯიშის) შოუებში დაახლოებით 1860 წლიდან.
ამავე დროს, ნოტინგემელმა მაქმანის გამკეთებლებმა (lace makers), რომლებიც ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად ადგილნაცვალნი აღმოჩნდნენ, დასახლება დაიწყეს საფრანგეთში, კერძოდ კი – ნორმანდიაში. მათ თან ახლდათ სხვადასხვა ძაღლები, მათ შორის მინიატურული ბულდოგები. ამ ძაღლებმა პოპულარობა მოიპოვეს საფრანგეთში და ვაჭრობა დაიწყო პატარა ბულდოგების იმპორტის მიმართულებით. ინგლისელი მომშენებლები აგზავნიდნენ საფრანგეთში ისეთ ბულდოგებს, რომლებიც ძალიან პატარებად ითვლებოდნენ, ან გააჩნდათ რაიმე ნაკლი, როგორიც იყო მაგალითად, მათი დაცქვეტილი ყურები.  1860 წლისათვის, ინგლისში უკვე ძალიან ცოტა მინიატურული ბულდოგი იყო შემორჩენილი მათი პოპულარობის გამო საფრანგეთში.
VeraEyes_1280x1024
ეს პატარა ბულდოგები თანდათანობით ჩაითვალა, როგორც ჯიში და მიიღო კიდეც სახელწოდება – Bouledogue Francais. ინგლისური სახელის ეს გაფრანგულება თავის მხრივ სიტყვების შემოკლებას წარმოადგენს:  “boule” (ბურთი) და “dogue” (მასტიფი ან მოლოსელი). ეს ძაღლები ძალიან მოდურად ითვლებოდა საფრანგეთში და ისინი ჰყავდათ როგორც მაღალი საზოგადოების ქალბატონებსა და პარიზელ მეძავებს, ასევე ხელოვანებს, მწერლებსა და მოდის დიზაინერებს. ფრანგმა მხატვარმა, ანრი დე ტულუზ-ლოტრეკმა ძაღლის ეს ჯიში თავის ნახატებით უკვდავყო.
ქცევა და ხასიათი: 
ფრანგულ ბულდოგს, ისევე როგორც სხვა კომპანიონი ძაღლების ჯიშებს, ესაჭიროება ადამიანებთან ახლო კონტაქტი. ისინი მინიმალურ დატვირთვასა და ვარჯიშს საჭიროებენ, თუმცა აუცილებელია მათი ყოველდღიური გასეირნება. ბრტყელსახიან ფრანგულ ბულდოგებს სახლს გარეთ ცხოვრება არ შეუძლიათ. მათი სასუნთქი სისტემა შეუძლებელს ხდის ტემპერატურის თავად დარეგულირებას. ამის გარდა, ისინი მძიმე წონისა არიან და მათთვის სირთულეს წარმოადგენს ცურვა. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, როცა ფრანგულ ბულდოგებს ავარჯიშებენ ცხელ ან ნესტიან ამინდში, რადგან ისინი მიდრეკილნი არიან მზის დარტყმისაკენ. არ შეიძლება მათი გადატვირთვა (გადახურება) შინ, სახლში თამაშის დროსაც კი.
ფრანგული ბულდოგებს უყვართ თამაში და თავიანთი ლოიალური, მოსიყვარულე ბუნებით ნამდვილ კომპანიონებს წარმოადგენენ ადამიანებისათვის. ძაღლის ეს ჯიში ჭკვიანი ჯიშია, თუმცა მისი მტკიცე და ჯიუტი ბუნება ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს წვრთნისათვის. მათთვის საჭიროა ადრეული სოციალიზაცია. სტენლი კორენის ”ძაღლების ინტელექტი”-ს მიხედვით, ფრანგული ბულდოგი 58-ე ადგილს იკავებს.
ფრანგული ბულდოგი იშვიათად ყეფს და ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ყურადღების მიქცევას ცდილობს იმისათვის, რომ რაღაც უნდა, ან მხოლოდ იმიტომ, რომ არ არის ბედნიერი. მას შეუძლია იყოს კარგი მეთვალყურე ძაღლი, თუმცა სუსტი დარაჯია. ეს ჯიში მომთმენი და ძალიან მოსიყვარულეა პატრონის მიმართ, განსაკუთრებით კი ბავშვებისადმი, რომლებსაც უფრო მეტად ძუ ფრანგული ბულდოგები იცავენ. მათ უყვართ თავიანთ ოჯახში, ადამიანების გვერდით ყოფნა და ითხოვენ ყურადღებასა და სიყვარულს. ისინი ადვილად ეგუებიან სხვა ძაღლებს, კატებსა და შინაურ ცხოველებს.
მოვლა: 
ძაღლის ეს ჯიში ძალიან ადვილი მოსავლელია. ფრანგულ ბულდოგს მოკლე ბეწვი აქვს, ამიტომ საკმარისი იქნება ბეწვის მცირე დავარცხნა მკვდარი თმის მოსაშორებლად. ასევე საჭიროა სახეზე არსებული ნაოჭების რეგულარული წმენდა და მათი მშრალ მდგომარეობაში ყოფნა, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექცია. ასევე აუცილებელია თათებზე ფრჩხილების დაჭრაც.ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტსაც, რომ ფრანგული ბულდოგი სიმსუქნისკენაა მიდრეკილი, რაც უარყოფითად მოქმედებს მის სასუნთქ სისტემაზე, ამიტომ მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ მისი წონა.
ჯანმრთელობა: 
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფრანგულ ბულდოგს აქვს ბრტყელი სახე, ანუ წარმოადგენს ბრაქიცეფალურ ჯიშს და ამის გამო მისთვის სირთულეს წარმოადგენს ტემპერატურის ეფექტურად დარეგულირება. თუკი სხვა ჯიშის ძაღლებისათვის რაღაც დოზით შემაწუხებელია სიცხე, ფრანგული ბულდოგისთვის იგი შეიძლება ლეტალური (სასიკვდილო) აღმოჩნდეს. ამ ჯიშის ძაღლს ყოველთვის უნდა ჰქონდეს სუფთა წყალი და ჩრდილი. იმ მიზეზის გამო, რომ ფრანგული ბულდოგი თავისი მიჭყლეტილი ცხვირის გამო ცხვირით ცუდად სუნთქავს, იგი სუნთქავს პირით და ამის გამო ხვრინავს:)
ფრანგულ ბულდოგებს გააჩნიათ ზურგისა და ხერხემლის პრობლემებიც. მათ ასევე შეიძლება დაემართოთ კვირისტავის ამოვარდნილობა.
თვალები:  ფრანგულ ბულდოგებს აქვთ მიდრეკილება თვალის დაავადებების მიმართაც. კერძოდ კი უჩნდებათ ე.წ. მესამე ქუთუთო. თუმცა ეს დაავადება უფრო მეტად ინგლისური ბულდოგებისა და მოპსებისათვის არის დამახასიათებელი. მათ ასევე შეიძლება დაემართოთ გლაუკომა, რეტინალური დისპლაზია, რქოვანის წყლული და ასევე კატარაქტა. 
მშობიარობა და რეპროდუქცია: 
იმის გამო, რომ ფრანგული ბულდოგი მძიმე წონისაა და გააჩნია ვიწრო ბარძაყები და სუსტი უკანა ფეხები, ხვადებს უჭირთ ძუების ბუნებრივად განაყოფიერება და შესაბამისად ბუნებრივად მშობიარობა. ამიტომ ძუ ფრანგული ბულდოგები ხშირად საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას ლეკვების გასაჩენად. ლეკვების 80 % სწორედ საკეისრო კვეთით ჩნდება ხოლმე.







ლაბრადორ რეტრივერი

ლაბრადორ რეტრივერი



ძაღლის ეს უსაყვარლესი ჯიში ალბათ ყველა თქვენთაგანმა იცის და უყვარს. იგი ყველაზე პოპულარული ჯიშია მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები (1991 წლიდან). ეს ჯიში მე ყველაზე უწყინარ ჯიშად მიმაჩნია იმიტომ, რომ შეხედვისთანავე დადებითი ემოცია მეუფლება. ეს ძაღლი თითქოს გიღიმის, როცა გიყურებს და ისეთ სითბოს გამოხატავს, რომ არ შეიძლება მის მიმართ დადებითად არ განეწყო. მას გამორჩეულად უყვარს ბავშვები და ქვემოთ აუცილებლად დავდებ ვიდეოს, თუ როგორი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული ავადმყოფ ბავშვსა და ძაღლის ამ ჯიშს შორის. ჩემი ბლოგის შემდეგი სტუმარია ლაბრადორ რეტრივერი, ან უბრალოდ ლაბრადორი
 
ლაბრადორ რეტრივერი
ძაღლის ჯიში:                                    ლაბრადორ რეტრივერი
სხვა სახელი:                              Labradour
მეტსახელი:                                          ლაბი
წარმომავლობა:                                კანადა
ფერი:                                           შავი, შოკოლადისფერი ან ყვითელი                                                                                                                                             (ღია ყვითელი (თითქმის თეთრი) ტონიდან                                                                                                                           მელიისფერ წითურ ტონამდე)
ბეწვის ტიპი:                              გლუვი, მოკლე, ხშირი და სწორი
სიმაღლე:                                                 ხვადი –  56 – 63 სმ;  ძუ – 54 – 60 სმ
წონა:                                            ხვადი – 27 – 40 კგ;  ძუ – 27 – 35 კგ
ლეკვების რაოდენობა:                  5 – 10 ლეკვი (საშუალოდ 7 ლეკვი)
სიცოცხლის ხანგრძლივობა:     12 – 13 წელი
წარმოშობის ისტორია:
თანამედროვე ლაბრადორის წინაპარი წარმოიშვა კუნძულ ნიუფაუნდლენდზე, რომელიც დღეს უკვე ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის პროვინციის ნაწილია და  კანადის ტერიტორიას ეკუთვნის. დღევანდელი ლაბრადორის ფუძემდებელი ჯიში იყო სენტ ჯონსის წყლის ძაღლი, რომელიც თავის მხრივ, მე-16 საუკუნეში კუნძულის ადრეული მაცხოვრებლების მიერ სპეციფიური ბრიდინგის მეშვეობით წარმოიშვა. სენტ ჯონსის ძაღლის წინაპარი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ იგი ინგლისური, ირლანდიური და პორტუგალიური სამუშაო ჯიშების შემთხვევითი შეჯვარებით მიღებული ძაღლი იყო. ნიუფაუნდლენდი (მაშინდელი დიდი ნიუფაუნდლენდი) სავარაუდოდ წარმოადგენს სენტ ჯონსის ძაღლის მასტიფებთან შეჯვარების შედეგს, რომლებიც მე-16 საუკუნიდან პორტუგალიელ მეთევზეებს ჩამოჰყავდათ კუნძულზე. უფრო პატარა ზომის, დაბალბეწვიანი სენტ ჯონსის ძაღლი (მაშინდელი პატარა ნიუფაუნდლენდი) გამოიყენებოდა ნანადირევის მოსატანად და წყლიდან ბადის ამოსაქაჩად. ეს პატარა ძაღლები იყვნენ ლაბრადორ რეტრივერის წინაპრები. თეთრი გულმკერდი, თათები, ნიკაპი და დრუნჩი – სენტ ჯონსის ძაღლისათვის დამახასიათებელი ეს ნიშნები ასევე ჩნდება თანამედროვე ლაბრადორის შერეულ ჯიშებში და ლაბრადორებში დროგამოშვებით ვლინდება გულმკერდზე პატარა, თეთრი ლაქისა (ე.წ. მედალიონი) ან  თეთრი თმის სახით თათებსა და დრუნჩზე.
ნიუფაუნდლენდის სენტ ჯონსის ტერიტორია ძირითადად დასახლებული იყო ინგლისელებითა და ირლანდიელებით. ადგილობრივი მეთევზეები თავდაპირველად სენტ ჯონსის ძაღლს იყენებდნენ ნავებს შორის თოკების გასაჭიმად, სათევზაო ნავების გამოსაყვანად და სათევზაო ბადეების წყლიდან გამოსატანად.
სენტ ჯონსის ძაღლების ნაწილის უკან, ინგლისში – პულის ტერიტორიაზე დაბრუნება მოხდა მე-19 საუკუნის დასაწყისში, სადაც ეს ძაღლები იქცნენ სპორტულ და წყლის ფრინველებზე სანადირო ძაღლებად.
სენტ ჯონსის ძაღლის ინგლისში ჩამოყვანა სავარაუდოდ მოხდა დაახლოებით 1820 წელს, თუმცა ძაღლის ამ ჯიშის სახელი გაცილებით ადრე იღებს სათავეს ინგლისში. არსებობს ისტორია, რომლის მიხედვითაც მელმსბერის გრაფმა (the Earl of Malmesbury) დაინახა სათევზაო ნავზე მყოფი სენტ ჯონსის ძაღლი და დაუყოვნებლივ მოახდინა შეთნხმება იმ ვაჭრებთან, რომლებიც ახორციელებდნენ ამ ძაღლების ინგლისში ექსპორტს. პირველი ლაბრადორების წინაპრებმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მელმსბერის გრაფზე თავიანთი უნარებითა და წყლიდან და სანაპიროდან ნებისმიერი რამის გამოტანით, რომ მან მთელი თავისი ძაღლსაშენი დაუთმო ძაღლის ამ ჯიშის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას. სწორედ მელმსბერის მიერ ბექლუს ჰერცოგისათვის (Duke of Buccleuch) 1880-იან წლებში ჰერცოგის მიერ ჩატარებული ბრიდინგის პროგრამისათვის გადაცემული ძაღლები, სახელად ეივონი და ნედი არიან მიჩნეული თანამედროვე ლაბრადორის წინაპრებად.
ქცევა და ხასიათი:
ლაბრადორი კეთილი, დამჯერი და ერთგული ძაღლის ჯიშია. გასაოცარი ყნოსვის წყალობით, მას შეუძლია მისდიოს სუნს მანამ, სანამ არ იპოვნის. სწორედ ამიტომ, საზღვაო და სამხედრო ძალები და ასევე პოლიცია იყენებს ლაბრადორებს კონტრაბანდისტების, ქურდების, ტერორისტებისა და სხვა დამნაშავეების გამოსავლენად. ლაბრადორი ინსტინქტურადაა მიდრეკილი სხვადასხვა საგნების დაკავებისაკენ და ამას დიდი სიფრთხილით აკეთებს (მას შეუძლია კვერცხი პირით გადაიტანოს ისე, რომ არ გატეხოს). ლაბრადორები მიდრეკილნი არიან ასევე საგნების ღეჭვისაკენ, რასაც შეიძლება გადაეჩვიონ სათანადო წვრთნის შემთხვევაში.
ლაბრადორს გააჩნია ძალიან გაწონასწორებული ჯიშის რეპუტაცია და ოჯახის შესანიშნავ კომპანიონს წარმოადგენს. იგი კარგად ეპყრობა ყველა ასაკის ბავშვებსა და სხვა ცხოველებს. მისი მხიარული და უშიშარი ბუნება ზოგჯერ საჭიროებს სათანადო წვრთნასა და მტკიცე ხელს, რათა არ მოხდეს ძაღლის ასე რომ ვთქვათ, ხელიდან წასვლა. ზრდასრული, უკონტროლო ლაბრადორი საკმაოდ პრობლემატური შეიძლება იყოს. ძუები შესაძლოა ოდნავ უფრო ჭკვიანები იყვნენ, ვიდრე ხვადი ლაბრადორები. ძაღლის ამ ჯიშის მომწიფება დაახლოებით სამი წლის ასაკში ხდება. მანამდე კი მათ გააჩნიათ ე.წ. ლეკვობის მსგავსი ენერგია, რასააც ხშირად ჰიპერაქტიურობასთან აიგივებენ. ლაბრადორის საბლით წვრთნა ადრეული ასაკიდანვე უნდა მოხდეს, რათა შემდგომ თავიდან იქნას აცილებული უკვე მოზრდილი ძაღლის საბლით გაწევა (გაქაჩვა). ლაბრადორებს ძალიან უყვართ  ბურთით დაუსრულებლად თამაში და ასევე სხვადასხვა სახის აქტივობები, როგორიცაა მაგალითად დაბრკოლებების გადალახვა და პლასტმასის მფრინავი თეფშის გადაგდება და მოტანა. 
მიუხედავად იმისა, რომ ლაბრადორს ზოგჯერ ახასიათებს ყეფა ხმაურზე, განსაკუთრებით კი ისეთ ხმაურზე, რასაც ვერ ხედავს (”განგაშის ყეფა”), ზოგადად იგი არ არის ხმაურიანი ან ტერიტორიული. ლაბრადორები ძალიან კონტაქტურები და მიმნდობნი არიან უცხოების მიმართ, ამიტომ კარგ მცველ ძაღლებს არ წარმოადგენენ.
ლაბრადორი ყველასათვის ცნობილი რეპუტაციით სარგებლობს  მადის მხრივ და ზოგიერთი მათგანი შეიძლება განურჩევლად ყველა ტიპის, მათ შორის ადვილად მოსანელებელ და ასევე არასაკვებ ნივთებსაც კი ჭამდეს. სწორედ ამიტომ, ძაღლის პატრონს ძალიან დიდი ყურადღების გამოჩენა მართებს, რათა სათანადოდ აკონტროლოს ძაღლის მიერ საკვების მიღება სიმსუქნისა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
ლაბრადორის მტკიცე ხასიათი და სწრაფად ათვისების უნარი ამ ძაღლს იდეალურ ჯიშად აქცევს სამძებრო და სამაშველო, საპოლიციო და თერაპიული სამუშაოების შესასრულებლად. იგი ძალიან ჭკვიანი ჯიშია. სტენლი კორენის წიგნში ”ძაღლების ინტელექტი”, ლაბრადორს მე-7 ადგილი უჭირავს.
ლაბრადორი, როგორც სამუშაო ძაღლი:
ლაბრადორი ჭკვიანი ჯიშია კარგი სამუშაო ეთიკითა და ზოგადად გაწონასწორებული ხასიათით. ლაბრადორის ჩვეული სამუშაო როლი მოიცავს: ნადირობას, სამძებრო და აღმომჩენ სამუშაოებს (თავისი კარგი ყნოსვის წყალობით), უნარშეზღუდული ადამიანების დახმარებასა და თერაპიულ სამუშაოებს. კანადაში მეგზური ძაღლების 60-70 % ლაბრადორია. სათანადო წვრთნის შედეგად, ზოგიერთი ლაბრადორი პატრონს ეხმარება ბანკომატიდან ფულისა და საკრედიტო ბარათის გამოტანაში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს მეგზურობას ასევე უწევენ ოქროსფერი რეტრივერები და გერმანული ნაგაზები (ავჩარკები).
ლაბრადორები ძლიერი და დაუღალავი მოცურავეები არიან და შეუძლიათ ცივ წყალში გაძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მათი უნარი, მონადირეებთან ერთად ჩუმად იმუშაონ მინდორში ისე, რომ დააკვირდნენ თუ სად ვარდება დაჭრილი თუ მოკლული ფრინველი და შემდეგ თავიანთი უბადლო ყნოსვის წყალობით გამოიტანონ ნანადირევი, ამ ძაღლებს წყლის ფრინველებზე მონადირე რეტრივერების მეფედ აქცევს.
ძაღლის ეს ჯიში ასევე გამოიყენება სამაშველო სამუშაოებისათვის (წყლიდან ადამიანის გამოსაყვანად და სიცოცხლის გადასარჩენად). ლაბრადორის ეს სამუშაო როლი დღესაც გრძელდება ძაღლის სხვა ჯიშებთან, კერძოდ კი ლეონბერგერთან, ნიუფაუნდლენდთან და ოქროსფერ რეტრივერთან ერთად.
მოვლა:
ლაბრადორის სწორი და მოკლე ბეწვი ადვილი მოსავლელია. მას სჭირდება რეგულარულად დავარცხნა და გამოხშირვა მაგარი ჯაგრისით, მაგრამ თივთიკი არ დაუზიანოთ. ბეწვი ძლიერი ცვენა მას არ ახასიათებს, თუმცა როგორც ძაღლის უმეტეს ჯიშებს, მასაც წელიწადში ორჯერ, განგურის დროს უხვად ცვივა ბეწვი. აბანავეთ ან გაწმინდეთ მშრალი შამპუნით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
ძაღლის ეს ჯიში აქტიური და ცოცხალი ჯიშია, ამიტომ სჭირდება საკმაო ვარჯიში უმჯობესია დიდ ეზოში, სადაც ბევრს ირბენს. მისთვის საუკეთესოა სოფლის გარემო. სჭირდება დღეში ერთხელ ან ორჯერ გასეირნება. თვალყური ადევნეთ, როდესაც წყლის სიახლოვეს იქნება, რადგან ცურვა ძალიან უყვარს.
მოერიდეთ ლაბრადორისათვის ზედმეტი საჭმლის მიცემას, რადგან სიმსუქნისაკენ არის მიდრეკილი და ზარმაცდება.
ჯანმრთელობა:
ლაბრადორებს აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
მენჯ-ბარძაყისა და იდაყვის სახსრის დისპლაზია – განსაკუთრებით დიდ ძაღლებში, თუმცა არა იმდენად ხშირად, როგორც ეს ძაღლის სხვა ჯიშებს ემართებათ.
ლაბრადორებს ასევე შეიძლება ჰქონდეთ მუხლთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა მაგალითად კვირისტავის ამოვარდნილობა.
ძაღლის ამ ჯიშისათვის დამახასიათებელია ასევე თვალის დაავადებები, კერძოდ: პროგრესირებადი რეტინალური ატროფია, კატარაქტა, რქოვანის დისტროფია და რეტინალური დისპლაზია. 
მემკვიდრეობითი მიოპათია – იშვიათი მემკვიდრული დაავადება; ნელა პროგრესირებადი კუნთების ატროფია ნერვული სისტემის დაზიანების გარეშე.
სიმსუქნე – სათანადო ვარჯიშისა და კვების კონტროლის გარეშე, ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია და სახსრების პრობლემები, ასევე მეორადი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი და ოსტეოართრიტი.





სასმელები





ღვინო — ალკოჰოლური სასმელი, წარმოებული ყურძნის წვენის ფერმენტაციით, თუმცა არსებობს სხვა ხილის ღვინოებიც, მათ შორის ქლიავის, შავი მაყვალის და მოცხარის. უყურძნოდ დამზადებულ ღვინოებს ხილის ან სოფლის ღვინოს უწოდებენ. სასმელები მიღებული სხვა ფერმენტირებადი მასალისგან, როგორიცაა თაფლი, ან მიღებული დისტილირების მეთოდით, როგორიცაა ბრენდი, ღვინის კატეგორიაში არ არის.



ღვინო


ისტორია


კახური ღვინო
ქვეყანაში, სადაც პირველად გააცნობიერეს ველური ყურძნის კვებითი თვისებები, მოხდა ვაზის კულტურაში გადმოტანა და შემდგომ თანდათანობით ღვინის დაყენების ხელოვნების ჩაწვდომა-დაუფლება, ბუნებრივია, საფუძველი უნდა ჩაჰყროდა ყურძნისა და ღვინის სამკურნალო თვისებების შეცნობა-გამომზეურებას. ასეთ ქვეყნად ძველი დროის მოგზაურთა, მწერალთა თუ ისტორიკოსთა დიდი ნაწილი საქართველოს მიიჩნევს. ჩვენ მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია გვაქვს. ასეთია მსოფლიოს ავტორიტეტულ მეცნიერ-სპეციალისტთა აზრიც. ეს უკანასკნელი კი არქეოლოგიურ აღმოჩენებს ეყრდნობა. ამის ნათელ მაგალითად უნდა მივიჩნიოთ 1999 წელს ლონდონში გახსნილი მსოფლიოში უდიდესი და მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელსაც "ვინოპოლისი" (ღვინის ქალაქი) ეწოდება და რომელიც ქართული პავილიონით იწყება, სახელწოდებით "ღვინის აკვანი". საქართველოდან მევენახეობა-მეღვინეობა ინდოელებს შეუთვისებიათ, აქედან კი თანდათანობით გავრცელებულა ხმელთაშუა ზღვის აუზში (ჯერ ეგვიპტეში, შემდგომ - საბერძნეთში, იტალიაში და სხვ.), სადაც საბოლოოდ ღვთიური ტრილოგიის: ოზიროს- დიონისე-ბახუსის ობიექტი გამხდარა. ღვინის თერაპიის მარგებლობის შესახებ წარწერა შემონახულია ეგვიპტეში პლა-ხოტეპის (ძვ. წ. IV ათასწლეული) საფლავის ქვაზე. მსგავსი წარწერაა ნაპოვნი ქ. ნიპურის გათხრებისას, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულით თარიღდება. ჩვენი შორეული წინაპრის, მედიცინის მატრიარქის - მედეას (ძვ. წ. XIVს.) სამკურნალო 40-მცენარიან ნუსხაში ვაზიც მოიხსენიება. ჰიპოკრატე (ძვ. წ. 372-287წწ.) ღვინოს კომპრესების სახით იყენებს ჭრილობათა და რევმატული ტკივილების მოსაშუშებლად და ა.შ. ღვინოს სამკურნალო დანიშნულებით ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე რომ იყენებდნენ, ამას არაერთი ისტორიული წყარო მოწმობს. ქრისტიანობის შემოსვლამ საგრძნობლად შეუწყო ხელი ენოთერაპიის პოპულარიზაციას. ღვინო, ქრისტიანული ტრადიციით, არა მხოლოდ მხიარულების, სიცოცხლისა და მშვიდობის წყაროა, არამედ სიმბოლური მოციქულია ღვთიური და ადამიანური კავშირისა. ამიტომაცაა, რომ ღვინო ბიბლიაში 450-ჯერ არის მოხსენიებული, ხოლო ბაბილონის თალმუდში განხილულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სამკურნალო საშუალება. დღევანდელ ცივილიზებულ ქვეყნებში ენოთერაპია აღმავლობის გზაზეა. საფრანგეთში, ბორდოს პროვინციაში, XX საუკუნეში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ენოთერაპიული ცენტრი. აქ პაციენტებს მკურნალობენ ღვინისა და ვაზის აბანოებით, ღვინისა და თაფლის სახვევებით, ღვინის ნიღბებით, დაფქული წიპწებით...